რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სურს, უკრაინის მთელი ტერიტორია რუსეთის ნაწილად იქცეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მოსკოვის მიზანი უკრაინის მხოლოდ ცალკეული ტერიტორიების დაკავებით არ შემოიფარგლება.

„მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორია აქვს და რამდენიმე კილომეტრი სჭირდება? ამიტომ, ძალიან უცნაურია, როდესაც ზოგიერთი პარტნიორი ამბობს: „მას უკრაინის მხოლოდ ეს ნაწილი სჭირდება, აი ეს კილომეტრები და მეტი აღარ. მისი მიზანი ცალკეული ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე გაცილებით ფართოა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია ისეთი შედეგის მიღწევა, რომელიც ომში ერთდროულად უკრაინისა და რუსეთისთვის იქნება „ორმხრივად მომგებიანი“.

„ამ ომში ორივე მხარისთვის მომგებიანი შედეგი ვერ იქნება. ახლა ნამდვილი გამარჯვება ომის შეჩერებაა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. მთავარი ყველასთვის გამარჯვებაა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, ან რუსეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის და ეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.