მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე მამუკა მდინარაძე ახსენა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმის დასრულებას აპირებს.
„მამუკა მდინარაძე ციხის გზაზე დგას. წაქცეულ ადამიანებს წიხლებს არ ურტყამენ, მაგრამ ერთს ვიტყვი – „პაგონები“ არ დარჩეს ციხის გზაზე. გენერლის სტატუსი არ ჰქონდა, ლეიტენანტი იყო, როცა ვცემე და დაწყებული საქმე უნდა დავასრულო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
სასამართლოში მან ასევე ისაუბრა დაკავების დროს მის მიმართ მოპყრობაზე. მისი თქმით, ხელბორკილები დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში არ მოუხსნიათ, რის შედეგადაც ხელებზე დაზიანებები მიიღო. ელისაშვილის განცხადებით, დაზიანებები იზოლატორში დააფიქსირეს და მას მკურნალობა ორი კვირის განმავლობაში დასჭირდა.
ელისაშვილი აცხადებს, რომ მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა ან შეწყდა, რასაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ალეკო ელისაშვილს ამ ეტაპზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. მათ შორის, 2026 წლის ივლისში სასამართლომ იგი ტერორისტული აქტის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სხვა ეპიზოდებზე, მათ შორის სასამართლოს შენობის ცეცხლის წაკიდებასა და პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფასთან დაკავშირებულ საქმეზე, სამართლებრივი პროცესი გრძელდება.