როსტოვის ოლქში, სამხედრო აეროდრომზე განხორციელებული დარტყმის შედეგად რამდენიმე თვითმფრინავი და ვერტმფრენი დაზიანდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინამ დრონებით იერიში როსტოვისა და იაროსლავლის ოლქებში განახორციელა.

მისი ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, თავდაცვისა და საგარეო დაზვერვის სამსახურების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, დარტყმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ასევე ზუსტი დარტყმა მიიტანა როსტოვის სამხედრო აეროდრომზე.

„დაზიანდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ან-12“, ორი „ან-26“ ტიპის თვითმფრინავი და სამი ვერტმფრენი. კარგი შედეგებია შავ ზღვაშიც. ჩვენ აგრესიას ყოველდღიურად ვპასუხობთ. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – აცხადებს ზელენსკი.