უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ ლინდსი გრემის სანქციების კანონპროექტის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სიმბოლურად სწორედ რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგი თავდასხმის ღამეს იქნა მიღებული.

ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტებისა და დრონების გამოყენებით იერიში მიიტანა. მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანება რვა ოლქში დაფიქსირდა.

„კიდევ ერთხელ, სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა. დაზიანება რვა ოლქში დაფიქსირდა. რუსებმა სუმისა და ოდესის ოლქებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. კიევსა და ოდესაში კი ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებს დაარტყეს. დაშავდა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები“, – წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ლინდსი გრემის კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც, მისი შეფასებით, შეუძლია ომის შეჩერებასა და რუსეთის მშვიდობისთვის მომზადებაში ხელი შეუწყოს.

„ლინდსი გრემის კანონპროექტი ამ ომის წყაროს, რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, რომელსაც შეუძლია ეს ტერორისტული ომი შეაჩეროს და რუსეთი იქამდე მიიყვანოს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, აუცილებელია სანქციები ძლიერი იყოს, რათა აშშ-ის, ევროპის და სხვა პარტნიორების ერთობლივმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს.

„სანქციები ძლიერი უნდა იყოს, რათა აშშ-სთან, ევროპასთან და სხვა მეგობრებთან ერთად ჩვენმა ერთობლივმა დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.