მღვიმის სიღრმეში, სადაც ბუნებრივი სინათლე ათასობით წლის განმავლობაში ვერ აღწევდა, ქვის კედლებზე ჯერ კიდევ ჩანს ადამიანების მიერ დატოვებული კვალი. წითელი წერტილები, ხელის ანაბეჭდები, ირმების, ცხენებისა და სხვა ცხოველების გამოსახულებები – ზოგიერთი მათგანი 40 ათას წელზე მეტი ხნისაა.

ამ ნახატების ავტორები დიდი ხანია აღარ არსებობენ. მათი სახელები უცნობია, მათი ცხოვრების შესახებ კი მეცნიერებს მხოლოდ არქეოლოგიური ნივთები, ძვლოვანი ნაშთები და კლდის კედლებზე შემორჩენილი გამოსახულებები აწვდის ცნობებს.

ახლა მკვლევრები ცდილობენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იპოვონ – თავად მხატვრების დნმ.

კლდის მხატვრობის სპეციალისტი ფონ პეცინგერი ამ მიზნით გამყინვარების პერიოდის მღვიმეში შევიდა. ის საერთაშორისო კვლევით ჯგუფ First-Art-თან ერთად მუშაობს პროექტზე, რომლის მიზანია მღვიმის ხელოვნებიდან უძველესი გენეტიკური მასალის მოპოვება.

მეცნიერების ვარაუდით, ადამიანების მიერ გამოქვაბულის კედლებზე დატოვებულმა ბიოლოგიურმა კვალმა შესაძლოა ათიათასობით წლის შემდეგაც შეინარჩუნოს გენეტიკური ინფორმაცია. თუ დნმ-ის მოპოვება და ანალიზი შესაძლებელი გახდება, მკვლევრები იმ ადამიანების შესახებ შეიტყობენ, რომლებმაც ეს ნახატები შექმნეს.

„ჩვენ გვაქვს ქვები და ძვლები, მაგრამ ამ მცირე მინიშნებებით ვცდილობთ, მთელი სამყაროები აღვადგინოთ“, – ამბობს ფონ პეცინგერი.

მისი თქმით, მეცნიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის დადგენა, თუ ვინ იყვნენ გამოქვაბულის მხატვრები.

ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა ბევრ სხვა კითხვას აჩენს.

საიდან მოვიდნენ ისინი?   ისინი კაცები იყვნენ თუ ქალები? ერთმანეთთან ნათესაური კავშირი ჰქონდათ თუ არა? ერთი ჯგუფის წევრები იყვნენ თუ სხვადასხვა ადამიანური პოპულაციიდან?

და ყველაზე მნიშვნელოვანი – ვინ ქმნიდა ამ ნამუშევრებს: თანამედროვე ადამიანის, Homo sapiens-ის, წინაპრები თუ ნეანდერტალელები?

კლდის მხატვრობა უკვე დიდი ხანია წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს პრეისტორიული ადამიანების ცხოვრების შესასწავლად. თუმცა ნახატები ყოველთვის ვერ გვიყვებიან მათი ავტორების შესახებ. გამოსახულებიდან შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, ვინ იდგა ქვის კედლის წინ და ვინ დატოვა იქ საკუთარი ხელის ანაბეჭდი.

დნმ-ის აღმოჩენამ კი შესაძლოა ეს სურათი მნიშვნელოვნად შეცვალოს.

გენეტიკური მასალა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, გამოქვაბულის ხელოვნების უკან მდგომ ადამიანებს არა მხოლოდ მათი ნამუშევრებით, არამედ ბიოლოგიური კვალითაც შეხედონ.

თუმცა კვლევა ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა და მისი წარმატება გარანტირებული არ არის. ათიათასობით წლის განმავლობაში გარემოს პირობებმა შესაძლოა გენეტიკური მასალა მნიშვნელოვნად დააზიანოს ან საერთოდ გააქროს.

მიუხედავად ამისა, მკვლევრები  ძიებას აგრძელებენ.

გამოქვაბულის კედლებზე დარჩენილი ნახატები დღესაც იმ ადამიანების არსებობის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი მტკიცებულებაა, რომლებიც თანამედროვე ცივილიზაციის გაჩენამდე ათეულობით ათასი წლით ადრე ცხოვრობდნენ.

თუ მეცნიერები ამ კედლებიდან დნმ-ის მოპოვებას შეძლებენ, შესაძლოა პირველად მოხდეს ის, რაც აქამდე მხოლოდ ვარაუდის სფეროში იყო შესაძლებელი – 40 ათასი წლის წინანდელ ნახატებს მათი ავტორების გენეტიკური ისტორია დაუკავშირდეს.

და მაშინ ქვის კედელზე დარჩენილი ერთი პატარა ხელის ანაბეჭდი შესაძლოა უბრალოდ უძველესი ნახატი აღარ იყოს.

ის შეიძლება გახდეს კონკრეტული ადამიანის კვალი, რომელმაც ათიათასობით წლის წინ გამოქვაბულის სიბნელეში საკუთარი არსებობის ნიშანი დატოვა.

ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხმა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა შეეძლოთ ნეანდერტალელებს შემოქმედებითი თვალსაზრისით.

„ ყველაფერზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ და ვივარაუდოთ, შეგვიძლია კითხვები დავსვათ, მაგრამ სანამ დნმ-ს უშუალოდ კედლიდან არ ამოვიღებთ, ზუსტად ვერაფერს ვიტყვით“, – ამბობს ფონ პეცინგერი.

მისივე აღიარებით, პროექტი, რომელსაც National Geographic Society აფინანსებს, შესაძლებლობის ზღვარზეა. მკვლევრებმა წარსულში უძველესი ადამიანის დნმ-ის მოპოვება მღვიმის ნიადაგიდან შეძლეს. გენეტიკური მასალა ასევე აღმოაჩინეს დაახლოებით 20 ათასი წლის წინ ქალის მიერ ყელზე სატარებელ ირმის კბილის საკიდშიც.

თუმცა უძველესი ადამიანის დნმ-ის უშუალოდ მღვიმის კედლის მხატვრობიდან მოპოვება ჯერჯერობით ვერავის მოუხერხებია – მათ შორის არც ფონ პეცინგერს.

ამისთვის თითქმის იდეალური პირობებია საჭირო და, როგორც მკვლევრები ამბობენ, გარკვეული იღბალიც.

პირველ რიგში, უძველეს მხატვრებს კედელზე საკუთარი დნმ-ის კვალი უნდა დაეტოვებინათ. ამის ერთ-ერთი შესაძლო გზა კანის უჯრედებია, რომლებიც შესაძლოა მათ კირქვის კედელზე ხელის შეხებისას დაეტოვებინათ.

არსებობს კიდევ ერთი, უფრო საინტერესო შესაძლებლობაც.

ხელის ანაბეჭდების შესაქმნელად პრეისტორიულ ადამიანებს შესაძლოა ერთგვარი „ქვის ხანის სპრეი“ გამოეყენებინათ. ისინი ხელს გამოქვაბულის კედელზე მიადებდნენ, შემდეგ კი პიგმენტს პირით ან ღრუ ფრინველის ძვლის საშუალებით შეასხურებდნენ. ამ პროცესში კედელზე ნერწყვის მიკროსკოპული ნაკვალევიც დარჩებოდა.

ობერის თქმით, მისმა გუნდმაც დაახლოებით ათი წლის განმავლობაში სცადა ინდონეზიის კლდის მხატვრობიდან დნმ-ის მოპოვება. მკვლევრებმა შეამოწმეს როგორც გამოქვაბულის კედლებიდან ჩამოცვენილი საღებავის მიკროსკოპული ნიმუშები, ასევე გამოქვაბულის ბუნებრივი წარმონაქმნების ქვეშ დალუქული პიგმენტი. მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო.

„თუმცა, ამ შესაძლებლობას სრულად მაინც არ გამოვრიცხავ“, – აცხადებს   მკვლევარი.

გარდა ამისა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის თბილი და ნოტიო კლიმატი უძველესი დნმ-ის შესანარჩუნებლად ხელსაყრელი არ არის. ფონ პეცინგერის მიერ შესწავლილი ევროპული გამოქვაბულები კი უფრო პერსპექტიულ გარემოს ქმნის – იქ ტემპერატურა შედარებით დაბალი და პირობები სტაბილურია.

თუმცა ეს კვლევას ყველა დაბრკოლებას ვერ უხსნის.

ობერის თქმით, მთავარი კითხვა ის კი არ არის, თეორიულად შესაძლებელია თუ არა დნმ-ის მოპოვება, არამედ რამდენად დიდი რაოდენობით შეძლებს უძველესი გენეტიკური მასალა გადარჩენას იმისთვის, რომ მეცნიერებმა ის გარემოსა და თანამედროვე ადამიანის დნმ-ისგან განასხვავონ.

სწორედ ამიტომ ფონ პეცინგერი და მისი გუნდის წევრები გამოქვაბულებში დამცავი ეკიპირებით მუშაობენ.

„ასე ვცდილობთ, შემთხვევით არ დავაზიანოთ ნიმუში, არ დავაბინძუროთ“, – ამბობს ის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ნიმუშის აღების მეთოდიც.

მკვლევრები სტერილიზებული სკალპელით კედლის ზედაპირზე არსებულ კალციტის ფენას ჭრიან და კლდის მხატვრობის ქვედა ფენიდან უმცირეს ნაწილაკებს იღებენ. შემდეგ ნიმუშებს სპეციალურ მილაკებში ათავსებენ და გერმანიაში, მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში აგზავნიან, სადაც მათი გენეტიკური თანმიმდევრობის დადგენა ხდება.

ფონ პეცინგერის თქმით, დნმ-ის ანალიზის თანამედროვე მეთოდები იმდენად დახვეწილია, რომ მეცნიერებს უძველესი გენეტიკური მასალისა და თავად მკვლევრების მიერ შემთხვევით დატოვებული დნმ-ის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლიათ.

ნერხას მღვიმე ამ ექსპედიციის მხოლოდ ერთ-ერთი გაჩერებაა.

მკვლევრებმა ნიმუშები ესპანეთის კუევა დე ლა ვიქტორიაშიც აიღეს, სადაც თითების ანაბეჭდებია შემორჩენილი. შემდეგი გაჩერება არდალესის მღვიმეა – ადგილი, რომელსაც ფონ პეცინგერი „ზამთრის ზღაპრულ სამყაროს“ უწოდებს.

იქ კვარცი და კალციტი ერთმანეთშია შერეული და კლდის ზედაპირებს განსაკუთრებულ ბზინვარებას სძენს, რის გამოც მღვიმის სივრცე თითქოს მთლიანად ციმციმებს.

თუმცა ექსპედიციის მიზანი მხოლოდ უძველესი დნმ-ის მოპოვება არ არის.

ფონ პეცინგერის თქმით, მკვლევრებს სურთ სხვა მეცნიერებსაც ასწავლონ, როგორ შეიძლება მომავალში მღვიმის მხატვრობიდან გენეტიკური მასალის მოპოვება.

ევროპაში დაახლოებით 400 მოხატული მღვიმეა ცნობილი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ესპანეთსა და საფრანგეთში მდებარეობს. მსოფლიოს სხვა რეგიონებში კი კიდევ ასობით მსგავსი მღვიმეა აღმოჩენილი.

შესაძლოა, ამ ექსპედიციის დროს მეცნიერებმა საბოლოო პასუხი ვერ მიიღონ. თუმცა ფონ პეცინგერისთვის თავად ნიმუშების შეგროვებასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ტექნოლოგია შესაძლოა მომავალში იმდენად განვითარდეს, რომ დღეს ანონიმური გამყინვარების ხანის მხატვრების ვინაობის დადგენა შესაძლებელი გახდეს.

სწორედ ამიტომ ფონ პეცინგერს სურს, რომ მღვიმის მხატვრობიდან დნმ-ის ნიმუშების აღება მომავალში ამ სფეროში მომუშავე მეცნიერებისთვის ისეთივე ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცეს, როგორიც რადიონახშირბადული დათარიღებაა.

მისი თქმით, დრო ამ კვლევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მღვიმეები შეიძლება ჩამოინგრეს ან დაიტბოროს, რაც მათში ათასობით წლის განმავლობაში დაცულ მხატვრობას საფრთხეს უქმნის.

„შესაძლოა, აღარასდროს მოგვეცეს შესაძლებლობა, კაცობრიობის უძველეს ისტორიაში ამ პატარა დროის კაფსულაში შევიდეთ“, — ამბობს ფონ პეცინგერი.

მისი აზრით, სწორედ ამიტომ არის ნიმუშების აღება მნიშვნელოვანი: თუ ოდესმე თავად მღვიმე დაიკარგება, დღეს შემონახული ნიმუშები მომავალ თაობებს მაინც დაუტოვებს შესაძლებლობას, ამ ადამიანების ისტორია ხელახლა შეისწავლონ.

და შესაძლოა, სწორედ მომავალში შექმნილმა ტექნოლოგიამ შეძლოს იმ კვალის წაკითხვა, რომელსაც დღეს მეცნიერები მხოლოდ მღვიმის კედლებზე ხედავენ – ადამიანის კვალის, რომელიც იქ ათიათასობით წლის წინ დარჩა.