გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 სექტემბერს, დღის განმავლობაში და 20 სექტემბრის დილამდე, აჭარის სანაპირო ზოლსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ძლიერი ინტენსივობის ნალექი დაფიქსირდა.
ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ცალკეულ უბნებში ქუჩები დაიტბორა და ურბანული ინფრასტრუქტურა დროებით გადაიტვირთა.
სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბათუმში დაფიქსირდა. ქალაქში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა, 19-20 სექტემბერს კი ნალექის ჯამურმა რაოდენობამ 275 მილიმეტრი შეადგინა, რაც სექტემბრის თვის კლიმატურ ნორმას 90%-ზე მეტით აღემატება.
სააგენტოს ცნობით, ერთ საათში, 19 სექტემბრის 21:00-დან 22:00 საათამდე, 52.5 მილიმეტრი ნალექი მოვიდა, რაც მთელი აღნიშნული პერიოდის ნალექის დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
ისტორიულ მონაცემებთან შედარებით, ბათუმის მეტეოროლოგიურ სადგურზე 24 საათში დაფიქსირებული 273 მილიმეტრი ნალექი სექტემბრისთვის უპრეცედენტოა და 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს განეკუთვნება.
19-20 სექტემბერს ნალექის რაოდენობამ ქობულეთის სადგურზე 134.5 მილიმეტრი, კოხის სადგურზე 58.5 მილიმეტრი, მტირალას ეროვნულ პარკში 93 მილიმეტრი, ხოლო სინდიეთის სადგურზე 50.8 მილიმეტრი შეადგინა.
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს აგრძელებს. მოსალოდნელი ამინდისა და ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ადრეული გაფრთხილების მობილურ პლატფორმაზე METEO.GOV.GE არის ხელმისაწვდომი.