დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებში გასტროენტერიტის შემთხვევების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ დაავადების ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსია.

ცენტრის განცხადებით, ამ დროისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა. მათივე ინფორმაციით, არცერთ შემთხვევას მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება არ მოჰყოლია და ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელების ეტაპზეა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, კვლევა გრძელდება და საბოლოო შედეგების მიღებისთანავე საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება.

უწყების განმარტებით, ნოროვირუსი მსოფლიოში ვირუსული გასტროენტერიტების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია. საქართველოს მონაცემებით, ვირუსული გასტროენტერიტების დაახლოებით 40-45% სწორედ ნოროვირუსზე მოდის.

ინფექციას ძირითადად ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ ტემპერატურის მატება. ცენტრის ინფორმაციით, დაავადება, როგორც წესი, სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება.

უწყება ნოროვირუსის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზმში სითხის აღდგენასა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას. ასევე რეკომენდებულია რამდენიმე დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვებისგან თავის შეკავება. დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.

ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა, მათ შორის ხელების საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში დაბანა და დაბინძურებული ზედაპირების სათანადოდ დამუშავება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით, პირველივე ეტაპზე შესაბამისი სამუშაოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამსახურებმაც დაიწყეს.