უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა ძალებმა წუხელ მოსკოვის რეგიონში იერიში განახორციელეს.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დარტყმის სამიზნე რუსეთის ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთი საკვანძო ობიექტი და ლოგისტიკური ბაზა იყო.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საუბარია ობიექტებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, რუსეთის საომარ მოქმედებებს მილიარდობით დოლარის რესურსით უზრუნველყოფს. ზელენსკის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის უკრაინული შორი მოქმედების სისტემები გამოიყენეს, მათ შორის FP-1, RZ-100, MICH-2000, „პალიანიცა“, „ვენდეტა“, „ლიუტი“, „ბარსი“, „ფლამინგო“, „სიჩენი“ და „პელიკანი“.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, თავდაცვის დაზვერვისა და საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, დარტყმები ვორონეჟის რეგიონში მდებარე ობიექტზეც განხორციელდა.

„მოსკოვმა უნდა დაასრულოს ეს სასტიკი ომი და აირჩიოს მშვიდობა“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ზელენსკის განცხადებით, დეესკალაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები უკვე არსებობს და მათ შორის ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებიცაა. მისივე თქმით, ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

რუსეთის მხარეს აღნიშნულ განცხადებაზე დამატებითი კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუვრცელებია.