გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრები სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვებიან და ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„შედგება არაერთი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვადასხვა დონეზე გვექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მივიღოთ, გავაჟღეროთ, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საერთაშორისო არენაზე და ასევე გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესია არის შესაძლებლობა, სადაც მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან და საქართველოს დელეგაციას სხვადასხვა საკითხზე კოლეგებთან შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა ექნება.