ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ამ ეტაპზე 6 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ  განაცხადა, კლინიკაში ამ დრომდე 12 ბავშვი იყო მოთავსებული, მათგან 6-ის მდგომარეობა კი დღეს უკვე გაწერის შესაძლებლობას იძლევა.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

უწყების ცნობით, ნოროვირუსი მსოფლიოში ვირუსული გასტროენტერიტების ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია, საქართველოში კი ვირუსული გასტროენტერიტების დაახლოებით 40-45%-ს სწორედ ეს ინფექცია იწვევს.

ამასთან, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.

„გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.