ევროპის საბჭო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან (TSPS) ერთად ბახმაროში 18-19 სექტემბერს ჩატარებულ სემინართან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მიმღებისთვის გრანტი არ გადარიცხულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოს სათაო ოფისიდან ექსკლუზიურად განუცხადეს, სემინარი „დემოკრატიული კულტურის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი“ ევროპის საბჭოს VC-პროექტის — „სამოქალაქო დიალოგის მხარდაჭერა საქართველოში“ — ფარგლებში განხორციელდა და ორგანიზაციის მხრიდან იყო მხარდაჭერილი.

ევროპის საბჭოს განმარტებით, ღონისძიების ორგანიზებაში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა პარტნიორისა და მასპინძლის როლს ასრულებდა, თუმცა აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ქართველი მიმღებისთვის გრანტის გადარიცხვა არ განხორციელებულა.

ორგანიზაციის ცნობით, პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია. გეგმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა და მისი ერთ-ერთი მიზანი დიალოგისა და დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებაა.

ევროპის საბჭო ასევე განმარტავს, რომ სემინარი დახურული ფორმატით ჩატარდა და მასზე დასწრება მხოლოდ მოწვევით იყო შესაძლებელი. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებულებს შორის გავრცელდა, რომელთა პოლიტიკური შეხედულებები და პარტიული კუთვნილება ერთმანეთისგან განსხვავდება. ევროპის საბჭოს განცხადებით, ამ ფორმატის მიზანი განსხვავებული მოსაზრებების გათვალისწინებით ღია და კონსტრუქციული დისკუსიის ხელშეწყობა იყო.

ორგანიზაციის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სემინართან დაკავშირებით ევროპის საბჭოს არც არმაზ ახვლედიანისთვის და არც თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის სხვა წარმომადგენლებისთვის ჰონორარი არ გადაუხდია.