საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ (PSG) ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ქართველმა ფეხბურთელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე გოლით ან საგოლე გადაცემით ზედიზედ ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის რეკორდი დაამყარა.
გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციის ინფორმაციით, 2025-2026 წლების სეზონში კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა ან საგოლე გადაცემა შეასრულა.
ქართველმა ფეხბურთელმა რეკორდული შედეგი 2026 წლის 25 თებერვლიდან 6 მაისამდე პერიოდში დააფიქსირა. აღნიშნული მიღწევა ორგანიზაციამ ოფიციალურად აღიარა და გინესის მსოფლიო რეკორდების 2027 წლის საფეხბურთო გამოცემაში შეიტანა.
კვარაცხელიას რეკორდი „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ 11 მიღწევასთან ერთად აღინიშნა. ფრანგულ კლუბს გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციამ ჯამში 12 სერტიფიკატი გადასცა.
აღიარებულ მიღწევებს შორისაა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 45 გოლის გატანა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება და ერთი სეზონის განმავლობაში ფეხბურთელის მიერ შესრულებული ყველაზე მეტი გადაცემა.
კვარაცხელიასთვის 2025-2026 წლების სეზონი სხვა მნიშვნელოვანი ინდივიდუალური მიღწევებითაც გამოირჩეოდა. ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სეზონის დასრულების შემდეგ უეფამ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ კი ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალში ფრანგულმა კლუბმა ლონდონის „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
წყარო:
guinnessworldrecords.com
uefa.com