ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ევროპელ დიპლომატებს საქართველოში ძალადობის წახალისებასა და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
კალაძე ამ განცხადებით ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოში დაკავებული პირების საკითხიც არის განხილული.
თბილისის მერის მტკიცებით, ევროკომისიის წარმომადგენლებმა კარგად იციან, რა ქმედებები ჩაიდინეს იმ პირებმა, რომლებსაც ანგარიშში „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებენ და რომელთა გათავისუფლებასაც ევროპული მხარე ითხოვს.
კალაძემ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ევროპის ქვეყნების პრაქტიკაზე მიუთითა და განაცხადა, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება, სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება.
მისი შეფასებით, საქართველოში მსგავსი ქმედებების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება არსებობდა და გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ევროპული სახელმწიფოების დაფინანსებით სარგებლობდნენ, საპროტესტო პროცესების წახალისებაში მონაწილეობდნენ.
კალაძემ ბრალდებები კონკრეტული ევროპელი ელჩების მისამართითაც გამოთქვა. მისი თქმით, ზოგიერთი დიპლომატი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში იყო ჩართული და ძალადობრივი ქმედებების დაგმობის ნაცვლად მათ წახალისებას უწყობდა ხელს.
„კონკრეტული ელჩები იყვნენ ჩართული იმ უბედურებაში, რაც ქვეყანაში ხდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში. არათუ გმობდნენ ძალადობას, პირიქით, ახალისებდნენ ამგვარ ფაქტებს და ხელს უწყობდნენ ძალადობრივი და ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას. ეს იყო სამარცხვინო ქმედებები, რასაც ვხედავდით, მაგალითისთვის, ზოგიერთი დიპლომატის მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია, რომელ დიპლომატებს გულისხმობდა და არც ბრალდებების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები წარმოუდგენია.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი კრიტიკული განცხადება გააკეთეს. თავის მხრივ, ევროკომისია დოკუმენტში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.