უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის დიპლომატიური გუნდი ნიუ-იორკში ჩავიდნენ, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში ზელენსკი არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს. დაგეგმილ შეხვედრებს შორისაა მოლაპარაკებები საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ნიუ-იორკში მისი ვიზიტის ფარგლებში დაახლოებით 20 შეხვედრაა დაგეგმილი. ზელენსკი ასევე შეხვდება ევროპის ქვეყნების ლიდერებს, ამერიკელ სენატორებსა და წარმომადგენელთა პალატის წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ასევე აშშ-ის წამყვანი კომპანიებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაცია დრონების საკითხზე ახალი შეთანხმების ხელმოწერისთვისაც ემზადება.

ზელენსკის ნიუ-იორკში ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს.