კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შესაძლო მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების მონაწილეობა აუცილებელი იქნება, თუმცა, მისი შეფასებით, ევროპა ჯერ ვერ თანხმდება, ვინ უნდა ისაუბროს მისი სახელით.

პესკოვის თქმით, მოსკოვს ევროპული სახელმწიფოებისგან უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებები ამ დრომდე არ მიუღია.

კრემლის წარმომადგენლის განმარტებით, უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვა მომავალში ევროპის უსაფრთხოების სისტემასა და რუსეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების გარანტიებსაც შეეხება. შესაბამისად, მისი შეფასებით, გარკვეულ ეტაპზე ევროპელებთან პირდაპირი დიალოგი გარდაუვალი გახდება.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპული სახელმწიფოები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ იმ პირის განსაზღვრას, რომელიც შესაძლო მოლაპარაკებებში მათ ინტერესებს წარმოადგენს. კრემლის პრესსპიკერმა არსებული ვითარება ევროპული მხარის ხანგრძლივ გაურკვევლობად და მოუმზადებლობად შეაფასა.

პესკოვმა კომენტარი გააკეთა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტებზეც. მისი განცხადებით, მხარეებს შორის ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაგრძელების მიმართ პოზიტიური განწყობა შენარჩუნებულია.

კრემლში დადებითად შეაფასეს 5 ნოემბერს ვაშინგტონში გამართული შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი და რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ხერსონის ოლქში განხორციელებულ ჰუმანიტარულ ოპერაციას უკავშირდებოდა.

პესკოვმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის, ამერიკულ მხარესთან კონტაქტებზე და აღნიშნა, რომ პოლიტიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობა ერთმანეთს ავსებს.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას შესაძლო ფართომასშტაბიანი შეთანხმების შესახებ, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად ევროპის უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხება, პესკოვის თქმით, კრემლს ამ ეტაპზე შეთანხმების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.