თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი ნოროვირუსია და იმ დღეს ბავშვების მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა.
კალაძის თქმით, ბოლო დღეებში აღნიშნულ საკითხზე არაერთი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის, თითქოს ბავშვები ბაღებში გამოყენებული გაფუჭებული ქათმის ხორცით მოიწამლნენ.
„ამას არ სჭირდებოდა პანიკა და არც პოლიტიკურ დებატებში შესვლა, ცილისწამებაზე პასუხის გაცემა. საჭირო იყო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა და ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობა, ასევე კონკრეტული პრობლემის მიზეზების დადგენა.
ჩვენ იმავე დღეს, საბავშვო ბაღებში დავიწყეთ სპეციალისტების მიერ დადგენილი პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი პრევენციული ზომების მიღება. ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, რათა აღსაზრდელთა და პერსონალის უსაფრთხოება ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და მოგვეხდინა რისკების პრევენცია. დღეს უკვე შესაბამისი ლაბორატორიებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, კვლევების შედეგად, გვაქვს სპეციალისტების მიერ გამოვლენილი „ნოროვირუსი“.
რაც მთავარია, რეალურად აღსაზრდელების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შესაბამისად, უახლოეს დღეებში სააღმზრდელო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს. დახურული შვიდივე ბაღი დაიწყებს ჩვეულებრივ მუშაობას.
ამ დღეებში მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიბინძურე, ძალიან ბევრი ტყუილი. გუშინაც ერთი კონკრეტული პიროვნება, ჩვეულებრივი თაღლითი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით ავრცელებდა კონკრეტულ დეზინფორმაციას, სიცრუეს თითქოს ბაღებში ბავშვები მოიწამლნენ ქათმის ხორცით და ქათამი, რომელიც ბაღებში შედის, არის გაფუჭებული. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. არ დაუჯეროთ თაღლითებს.
ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალეები ვართ. არ აგვიცილებია პრობლემები, ყოველთვის გამოვდივართ და ვამბობთ იმას, რაც უნდა იცოდეს მოსახლეობამ და რაც მთავარია, ვამბობთ სიმართლეს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. როდესაც საქმე ეხება ბავშვებს, ამ თემაზე სპეკულაციები კატეგორიულად მიუღებელია. ისინი სიცრუეს ავრცელებენ. მაგალითად, იმ დღეს მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა.
მადლობას ვუხდი ბაღების სააგენტოს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ლაბორატორიებსა და ეპიდემიოლოგებს, ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართულია „ნოროვირუსის“ გამოვლენისა და პრევენციის პროცესში.
კვლევები გრძელდება. უახლოეს მომავალში გვექნება ინფორმაცია, თუ რა იყო ვირუსის წყარო,“- განაცხადა კალაძემ.