ლატვია მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივებას, თუმცა არ ეთანხმება წინადადებას, რომლის მიხედვითაც სანქციების გაგრძელების სანაცვლოდ რუსი ოლიგარქები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი, სანქციების სიიდან უნდა ამოიღონ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა.

“ლატვიამ მხარი არ დაუჭირა ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტს. ვითარება რთულია. სანქციების ვადის გაგრძელება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. თუ დადგენილ ვადამდე შეთანხმება ვერ შედგება, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების შენარჩუნება მთელი სიისთვის და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის. სანქციების ვადის 36 თვით გახანგრძლივება სწორი ნაბიჯი იქნება, თუმცა, ამის საფასური არ უნდა იყოს აღნიშნული ორი პირის სანქციების სიიდან ამოღება. ლატვია ასეთ წინადადებას ვერ მიიღებს”, – აცხადებს ლატვიის პრემიერი.

კულბერგსის თქმით, ლატვია გააგრძელებს მუშაობას ბრიუსელსა და პარიზთან, რათა ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავალი მოიძებნოს.

“საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟესთან ერთად, ვიმუშავებთ ბრიუსელსა და პარიზთან, რათა ვიპოვოთ ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავალი. ვეცდებით, მოვიპოვოთ ევროკავშირში მხარდაჭერა ლატვიის პოზიციისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოვიწვიე”, – აცხადებს ლატვიის პრემიერი.

მისი თქმით, ვიდრე რუსეთი ომს აგრძელებს, ევროპის მხრიდან ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და არა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც, მისი შეფასებით, კრემლისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება.