საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგოსექტორთან დაკავშირებული თავდასხმების შეჩერების შესაძლო მორატორიუმის საკითხი განიხილა.

მაკრონისა და ტრამპის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე „ძალიან კარგი“ და „ძალიან კონსტრუქციული“ საუბარი შედგა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და კიევისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების, მათ შორის ჩამჭრელი სისტემების, მიწოდების დაჩქარებას.

“ვრცლად განვიხილეთ უკრაინისა და რუსეთის საკითხი, საჭიროება, უფრო სწრაფად და მტკიცედ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ჩამჭრელი სისტემებით,ვინაიდან თავდაცვის კუთხით ეს გადამწყვეტი საკითხია”, – აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპთან საუბრის ერთ-ერთი თემა ენერგოსექტორზე თავდასხმების შეჩერების იდეაც იყო. მაკრონმა კონკრეტული დეტალები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხს ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრაზეც დააყენებდა.

მაკრონის თქმით, უკრაინის ენერგოსისტემის მხარდაჭერა კვლავ პრიორიტეტად რჩება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ომი ევროპის უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მიმდინარე მაღალი დონის შეხვედრები უკრაინის საკითხზე შემდგომი პროგრესის შესაძლებლობას შექმნის.

მაკრონის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეზღუდვის საკითხი საერთაშორისო დიპლომატიური განხილვების ერთ-ერთ თემად რჩება.