ნია იმნაძის მხრიდან ვინმეს, მათ შორის ალექსანდრე გაბაშვილის, წაქეზების დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, – ამის შესახებ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა, გიორგი ლეკიშვილმა, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმეში არ მოიპოვება არც შეტყობინება, არც სიტყვიერი მითითება და არც სხვა გარემოება, რომელიც ნია იმნაძის მხრიდან ვინმეს დაზიანების სურვილს დაადასტურებდა.

გიორგი ლეკიშვილის თქმით, დაცვის მხარემ გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონის შესასწავლად ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა, რადგან აღნიშნული მოწყობილობა ბრალდების მხარეს ამ დრომდე არ გაუხსნია.

„კიდევ მოვიპოვეთ გარკვეული მასალები. კერძოდ, ამ დრომდე არ არის გახსნილი და დათვალიერებული გიგა ავალიანის კუთვნილი მობილური ტელეფონი იმ მოტივით, რომ აღნიშნული ტელეფონი ვერ გაიხსნა. ვინაიდან დაცვის მხარე ატარებს სრულყოფილ გამოძიებას, მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, რომ დაგვენიშნა ექსპერტიზა მობილური ტელეფონის გახსნის მიზნით ისრაელში. ისრაელის ექსპერტები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში. აღნიშნული წერილობითი კორესპონდენცია, რომელიც დაკავშირებული იყო ექსპერტიზის ჩატარებასთან, დამატებით წარვადგინეთ სასამართლოში და სასამართლომ ისინი დაუშვა განსახილველად.

ამ ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი იყო ბრალდების მხარე წინა სასამართლო სხდომაზე და შუამდგომლობდა ჩვენი მოთხოვნის დაუშვებლად ცნობას, თუმცა მოსამართლემ დაუშვა ეს. ეს არის ნივთმტკიცება, რომელიც ერთვის საქმეს და აუცილებელია სრულყოფილი კვლევის ჩატარების მიზნით“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, დაცვის მხარისთვის ერთ-ერთ მთავარ კითხვად რჩება ის, თუ რატომ ვერ მოხერხდა გიგა ავალიანის ტელეფონის გახსნა მაშინ, როდესაც საქმეში არსებული სხვა მობილური მოწყობილობები უკვე შესწავლილია.

ლეკიშვილის განცხადებით, დაცვის მხარე არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულყოფილად შესწავლას აგრძელებს.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე საზოგადოებას საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით არასრულყოფილ ან არასწორ ინფორმაციას აწვდის და მტკიცებულებების შინაარსს ფაქტებთან არასწორად აკავშირებს.

მისი თქმით, დაცვის მხარე ასევე სადავოდ მიიჩნევს ანძების მონაცემების გამოყენებას კონკრეტული პირების ადგილმდებარეობის დასადგენად.

„ანძებით ხდება მანიპულირება. ანძა არის კავშირგაბმულობის არხის მიღების საშუალება, რომელსაც აქვს მოქმედების ზონა, დაახლოებით 10 კილომეტრზე მეტი. ამ 10-კილომეტრიან რადიუსში ადამიანები სად მდებარეობენ, როგორ მდებარეობენ, ერთად არიან თუ ცალ-ცალკე, ამას კონკრეტულ მტკიცებულებად ვერ აღვიქვამთ“, – განაცხადა გიორგი ლეკიშვილმა.

ადვოკატის განმარტებით, წაქეზების დასადასტურებლად კონკრეტული პირის დაყოლიების ფაქტი უნდა არსებობდეს. მისი თქმით, ნია იმნაძის საქმეში ასეთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს რაიმე სახის კონკრეტული მტკიცებულება, რაც დაყოლიების ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა, არ არსებობს არც შეტყობინება, არც სიტყვიერი მითითება და არც სხვა გარემოებები, რაც დაკავშირებული იქნებოდა ნია იმნაძის მხრიდან ვინმეს დაზიანების სურვილთან“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მასწავლებელ გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს ბრალი 6 აგვისტოს წარუდგინა.

პროკურატურის ვერსიით, ნია იმნაძემ მეგობრებს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას უთხრა, რომ მისი მასწავლებელი გიგა ავალიანი მის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენდა. ბრალდების მხარის თანახმად, აღნიშნულმა ალექსანდრე გაბაშვილის წაქეზება გამოიწვია, რის შემდეგაც მას თანამზრახველებთან ერთად გიგა ავალიანზე თავდასხმა ჰქონდა დაგეგმილი.

ბრალდების ინფორმაციით, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. მასწავლებელი 23 დღის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საქმეზე, საერთო ჯამში, შვიდი პირია დაკავებული: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი.

მათგან ოთხი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი – უკვე მსჯავრდებულია.