უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა განაცხადა, რომ სანამ მისი პარტია „ტისა“ ხელისუფლებაში იქნება, ქვეყანაში უკრაინის ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესანახი ობიექტი არ აშენდება.

საკითხი უნგრეთის პარლამენტში მას შემდეგ განიხილეს, რაც უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზსა“ და უნგრულ ენერგოკომპანია Mol-ს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტი უკრაინის სტრატეგიული ნავთობის მარაგების უნგრეთში შესაძლო შენახვას ითვალისწინებს.

მადიარის განცხადებით, Mol-მა „ნაფტოგაზთან“ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაიწყო. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლებისთვის მიუღებელია, რომ კომპანიამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მთავრობის თანხმობის გარეშე აწარმოა.

თავის მხრივ, Mol-ში აცხადებენ, რომ საკითხი ჯერ იმ ეტაპამდე არ მისულა, როდესაც კომპანიისგან მთავრობის ინფორმირება იქნებოდა საჭირო. კომპანიის განმარტებით, ამჟამად მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის უნგრეთში ნავთობის შენახვის ტექნიკური, ფინანსური და მარეგულირებელი პირობების შესწავლა.

Mol-ის ინფორმაციით, პროცესი შესაძლოა რამდენიმე წელს გაგრძელდეს, რის გამოც ამ ეტაპზე მთავრობა ოფიციალურად ინფორმირებული არ არის. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ „ნაფტოგაზთან“ გაფორმებული განზრახულობის დეკლარაცია საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება.

საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბუდაპეშტიდან ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები კიევისთვის მოულოდნელია.

„კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უკრაინულ და უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ორმხრივ მემორანდუმში შეთანხმებულ პირდაპირ, პრაგმატულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. როდესაც პოლიტიკა პრაგმატულ ბიზნესში ერევა, ამას კარგი არაფერი მოაქვს”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებაში.

მისი თქმით, კიევი ბუდაპეშტიდან ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას გაკვირვებით აკვირდება.

“როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანი წავიდა, მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა კვლავ აყვავებას განაგრძობს“, – აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.