საქართველოს პროკურატურა კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებას ეხმაურება და საქმის გამოძიების დეტალებს განმარტავს.
უწყების ცნობით, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 2021 წლის 8 ოქტომბერს, გაიოზ ჩარკვიანის განცხადების საფუძველზე დაიწყო. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კი სისხლისსამართლებრივი დევნა სამ პირს შეეხო.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის სამედიცინო და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები. ასევე გამოიკითხნენ ათობით მოწმე, მათ შორის შესაბამისი სფეროს სპეციალისტები.
უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 11 აგვისტოს COVID-19-ის დიაგნოზით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. 12-17 აგვისტოს ის თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობდა, 17 აგვისტოს კი მდგომარეობის გაუარესების გამო რეანიმაციაში გადაიყვანეს. ვახტანგ ჩარკვიანი 10 სექტემბერს გარდაიცვალა.
პროკურატურის განმარტებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კლინიკის თერაპიული განყოფილების უფროსმა ქეთევან ცერცვაძემ და ექიმმა ქეთევან ლობჟანიძემ სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და დაარღვიეს COVID-19-ის კლინიკური მართვის წესი.
უწყების ცნობით, 2021 წლის 14 აგვისტოს პაციენტს ანტიბიოტიკოთერაპია ბაქტერიოლოგიური კვლევის ჩატარების გარეშე დაუწყეს და შემდგომ შეუცვალეს, რის შედეგადაც არ იყო დადგენილი, ჰქონდა თუ არა პაციენტს ბაქტერიული ინფექცია და რა იყო ანტიმიკრობული რეზისტენტობის პროფილი. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა გარემოებამ მკურნალობის პროცესი გაართულა და ვახტანგ ჩარკვიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.
ამასთან, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კლინიკის რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ექთანმა თეა ბეგიაშვილმა გააყალბა პაციენტის სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი. კერძოდ, „პაციენტის დანიშნულების ფურცლებში“ მან მორიგე ექთნების ნაცვლად მოაწერა ხელი და მიუთითა, თითქოს სამედიცინო მანიპულაციები თავად ჰქონდა შესრულებული, რასაც, პროკურატურის ინფორმაციით, რეალურად ადგილი არ ჰქონია.
პროკურატურის ცნობით, თეა ბეგიაშვილს ბრალი 2023 წლის 23 იანვარს წარედგინა. 2024 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. განაჩენი ზედა ინსტანციის სასამართლოებშიც ძალაში დარჩა.
ქეთევან ცერცვაძეს ბრალი 2023 წლის 24 ნოემბერს წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 6 ნოემბერს იგი დამნაშავედ ცნო და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე განაჩენით, გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მასზე ამნისტია გავრცელდა და სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა.
რაც შეეხება ქეთევან ლობჟანიძეს, მას ბრალი 2025 წლის 27 თებერვალს წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე გაიოზ ჩარკვიანის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, მის მიმართ ამნისტია გაავრცელა და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.
პროკურატურა ასევე აღნიშნავს, რომ გაიოზ ჩარკვიანი, როგორც ვახტანგ ჩარკვიანის უფლებამონაცვლე, გამოძიების პროცესში უშუალოდ არის ჩართული და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას სისტემატურად იღებს.
ცნობისთვის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ საქართველოს პროკურატურასთან უწყვეტი აქცია დააანონსა. გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მისი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაა.