„რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა“, – ამის შესახებ მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ბრალდებულების მიერ მათთვის წარდგენილი ქმედებების ჩადენას დაადასტურებს.

“დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები წარვადგენთ შესავალ სიტყვებს. შესავალ სიტყვაში საუბარი იქნება ჩვენს გეგმებზე თუ რა მტკიცებულებებს წარმოვადგენთ და რით დავადასტურებთ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. დაცვის მხარეც, ბუნებრივია, ამაზე გაგვცემს პასუხს და შემდგომ დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევა.

საქმეში წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც აუცილებლად დაადასტურებს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ორივე ბრალდებულის მხრიდან. ეს არის, პირველ ყოვლისა, ინფორმაცია, რომელიც სხვა მსჯავრდებულებისა და ამ ბრალდებულთა მობილური ტელეფონებიდან გამოვითხოვეთ, ეს არის ინფორმაცია შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის სახით და მოწმეთა ჩვენებები.

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან, ვითომდა, არასათანადო ქცევის შესახებ. აღნიშნული არასწორად იქნა აღქმული მის მიერ და შემდგომ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება ალექსანდრე გაბაშვილის მხრიდან. საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა.

14 ოქტომბერი არის ის დრო, როდესაც ნია იმნაძე პირველად დაიკითხა გამოძიების მიერ და პირველად დაიბარა საგამოძიებო ორგანომ. ამის შემდეგ, როდესაც ის საგამოძიებო დანაყოფიდან წავიდა, სავარაუდოდ, როგორც ეს ანძების შესახებ ინფორმაციით დასტურდება, იმყოფებოდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობდა გიორგი მალანია. ეს გვაძლევს იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე თავისი ოჯახის წევრებთან ერთად შეხვდნენ ერთმანეთს და ისაუბრეს მომხდართან დაკავშირებით. შეხვედრასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ გიორგი მალანია და ნია იმნაძე ფაქტობრივად, ერთი დანაშაულის თანამონაწილეებად განიხილებიან ჩვენ მიერ, ამიტომ ესეც იქნებოდა ერთ-ერთი მტკიცებულება. თუმცა ეს არ არის ერთადერთი ან ძირითადი მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს ამტკიცებს, ეს არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც ეხმარება სხვა მტკიცებულებებს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში”, – განაცხადა ქეთევან სონიძემ.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს ბრალი 6 აგვისტოს წარუდგინა. იმნაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლების საფუძველზე აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას გულისხმობს და 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანასტასია ბერუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარის ვერსიით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას უთხრა, რომ მასწავლებელი გიგა ავალიანი მის მიმართ არასათანადო ყურადღებას იჩენდა. პროკურატურის თანახმად, აღნიშნულმა ინფორმაციამ ალექსანდრე გაბაშვილი გიგა ავალიანზე თავდასხმისკენ წააქეზა.

ბრალდების თანახმად, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძისა და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე გიგა ავალიანს თავს დაესხნენ. მასწავლებელი 23 დღის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია შვიდი პირი: ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი – უკვე მსჯავრდებულია.