რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, ევროკავშირის ლიდერები შიშობენ, რომ რუსული აქტივების კონფისკაციის გარეშე უკრაინის ფინანსურ მხარდაჭერას მომავალშიც ვერ შეძლებენ.
რუსული უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი რუსული აქტივების საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად ჩქარობს, რადგან ევროპულ ქვეყნებში მომავალმა არჩევნებმა შესაძლოა ვითარება შეცვალოს.
„ევრობიუროკრატები ჩქარობენ. შიშობენ, რომ რუსული აქტივების კონფისკაციის გარეშე ვერ შეძლებენ უსასრულოდ დააფინანსონ კორუფციაში ჩაფლული კიევის რეჟიმი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს კონფლიქტის „ხარჯვით ნაწილს“ წარმოადგენს”, – აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.
უწყების მტკიცებით, ევროკავშირში ექსპერტების დონეზე განიხილავენ ახალი სტრუქტურის შექმნის შესაძლებლობას, რომლის მეშვეობითაც, მათი შეფასებით, შესაძლებელი გახდება რუსული აქტივების Euroclear-დან გადატანა და მათი „დამალვა“.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, თუ ევროპის ქვეყნებში არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოვლენ ძალები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ნაკლებად კეთილგანწყობილები იქნებიან, რუსული აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობა შესაძლოა შემცირდეს.
„მომავალში, რუსული აქტივების ჩამორთმევის „შესაძლებლობის ფანჯარა“ შეიძლება უბრალოდ დაიხუროს, თუ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება მთავრობები, რომლებიც ნაკლებად კეთილგანწყობილები იქნებიან კიევის რეჟიმის მიმართ და არ დაეთანხმებიან ევროპაში მასშტაბური ომის გაჩაღების პერსპექტივას”, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ეს შეფასებები წარმოადგენს რუსეთის მხარის პოზიციას რუსული აქტივების გაყინვისა და მათი შესაძლო კონფისკაციის საკითხზე.