საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახური აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან – სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში მხარეები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.