უკრაინის პრეზიდენტის ოფისი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩასვლა შესთავაზა.

„ეს მცდარი ინფორმაციაა“, — განუცხადა უკრაინულ მედიას პრეზიდენტის მრჩეველმა კომუნიკაციების საკითხებში დმიტრი ლიტვინმა.

მანამდე Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში გამართული შეხვედრის დროს, ტრამპმა ზელენსკის მოსკოვში ჩასვლა და რუსეთის პრეზიდენტთან ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობა შესთავაზა. გამოცემის ცნობით, ზელენსკიმ ეს წინადადება უარყო.

თეთრ სახლს Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.