სომხეთში, ერევნის „ნუბარაშენის“ პენიტენციურ დაწესებულებაში, ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, არსენ გევორგიანი გარდაიცვალა. ის 25 ოქტომბერს სტეფანავანის მუნიციპალურ არჩევნებში პარტიის საარჩევნო სიას ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.
სომხეთის პენიტენციური სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნონა ნავიკიანის განცხადებით, 10 ნოემბერს, დაახლოებით 07:55 საათზე, 1980 წელს დაბადებული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
„დაახლოებით 08:30 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პატიმრის ბიოლოგიური სიკვდილი დააფიქსირა“, – განაცხადა ნავიკიანმა.
არსენ გევორგიანი 21 ოქტომბერს, სტეფანავანის მუნიციპალურ არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე დააკავეს. იმავე დღეს სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმის ფარგლებში სულ 14 ადამიანი დააკავეს.
სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ბრალდების თანახმად, გევორგიანმა რამდენიმე ათეულ ამომრჩეველს ქრთამი შესთავაზა იმ პირობით, რომ ისინი არჩევნებში ხმას პარტია „ძლიერ სომხეთს“ მისცემდნენ.
გევორგიანი წარდგენილ ბრალდებას უარყოფდა.
წყარო: Armenpress