აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს წლის ბოლომდე კიდევ ორჯერ შეხვდება — ნოემბერში ჩინეთში, ხოლო დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაწერა, რაც სი ძინპინმა და მისმა მეუღლემ, პენ ლიუანმა ვაშინგტონი დატოვეს და ჩინეთში გაემგზავრნენ.
„ეს შეხვედრა მეგობრობის, სიძლიერისა და წარმატების სიმბოლო იყო როგორც ჩინეთისთვის, ასევე აშშ-ისთვის. კიდევ ერთხელ შევხვდებით ნოემბერში, ჩინეთში, შემდეგ კი დეკემბერში, მაიამიში, ფლორიდაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე. ბევრი რამ გაკეთდა და კიდევ ბევრი გაკეთდება. მოუთმენლად ველი ჩვენს მომდევნო შეხვედრას“, — წერს ტრამპი.
სი ძინპინმა შეერთებულ შტატებში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთაშორისო საკითხების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს.