საქართველოში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის საელჩოები სოხუმის დაცემიდან 33 წლისთავს ეხმაურებიან და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამ დღეს ქართველ პარტნიორებთან ერთად იხსენებენ მათ, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღო, ასევე ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს.
„დღეს სოხუმის ტრაგიკული დაცემიდან 33 წელი გავიდა. ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად ვიხსენებთ მათ თავგანწირვასა და სიმამაცეს, ვინც საქართველოს დასაცავად სიცოცხლე გაიღო და მათ, ვინც ომის შედეგად იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავს გამოეხმაურა საფრანგეთის საელჩოც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 30 წელზე მეტი ხნის შემდეგაც ეს მოვლენები საქართველოს კოლექტიურ მეხსიერებასა და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირის ყოველდღიურობაზე აისახება.
საფრანგეთის საელჩო აცხადებს, რომ ქვეყანა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
27 სექტემბერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გერმანიის საელჩომაც.
„სოხუმის დაცემიდან 33 წლის შემდეგაც დაკარგული სამშობლოს, დანგრეული ცხოვრების და საყვარელი ადამიანების დაკარგვის ტკივილი კვლავ იგრძნობა მრავალ ოჯახში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საელჩოს განცხადებით, გერმანია კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დიალოგის, მდგრადი მშვიდობისა და შერიგების მნიშვნელობაზე მიუთითებს.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.