საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2015-2025 წლებში 5.6%-ით, ანუ 208.5 ათასი ადამიანით გაიზარდა და 3 მილიონ 930.4 ათასს მიაღწია. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ, 2015-2025 წლების ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშების შედეგებშია აღნიშნული.

საქსტატის ინფორმაციით, მონაცემების გადაანგარიშება 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების საფუძველზე განხორციელდა. ცვლილებები შეეხო 2016-2024 წლების მოსახლეობის რიცხოვნობისა და 2015-2024 წლების მიგრაციის მონაცემებს.

განახლებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 721.9 ათას ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის 1 იანვრისთვის ეს მაჩვენებელი 3 მილიონ 930.4 ათასამდე გაიზარდა.

2015-2021 წლებში მოსახლეობის რაოდენობა შედარებით ზომიერად, 63.5 ათასი ადამიანით გაიზარდა. 2022 წლის დასაწყისისთვის კი წინა წელთან შედარებით 25 ათასით შემცირდა.

მომდევნო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა და 2022-2025 წლებში მოსახლეობის რაოდენობა 169.9 ათასი ადამიანით, ანუ 4.5%-ით გაიზარდა.

მოსახლეობის ზრდის მთავარი ფაქტორი მიგრაცია იყო

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლიდან საქართველოში ბუნებრივი მატების მაჩვენებელი უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულთა რაოდენობას აღემატება.

2020 წელს ბუნებრივმა კლებამ 4 ათასი ადამიანი შეადგინა, თუმცა დადებითი მიგრაციული სალდოს შედეგად მოსახლეობის საერთო რაოდენობა გაიზარდა.

2021 წელს ბუნებრივი კლება 14 ათასი იყო, ხოლო მიგრაციული სალდო – მინუს 11 ათასი. შედეგად, 2022 წლის დასაწყისისთვის მოსახლეობის რაოდენობა 25 ათასი ადამიანით შემცირდა.

2022-2024 წლებში ბუნებრივი კლება ჯამში 13.8 ათას ადამიანს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის საერთო რაოდენობა გაიზარდა, რაც დადებითი მიგრაციული სალდოთი აიხსნება.

გადაანგარიშებული მონაცემებით, 2015-2024 წლებში საქართველოს კუმულაციურმა მიგრაციულმა სალდომ დადებითი 212.7 ათასი შეადგინა.

ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 200.2 ათასი იმიგრანტი აღირიცხა, ხოლო მიგრაციულმა სალდომ დადებითი 89 ათასი შეადგინა.

2023 წელს დადებითი მიგრაციული სალდო 54.8 ათასი იყო, 2024 წელს კი – 40 ათასი.

საქსტატის თანახმად, 2022-2024 წლებზე მოდის მთელი ათწლეულის დადებითი მიგრაციული სალდოს დაახლოებით 86%.

მოსახლეობა ძირითადად თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში გაიზარდა

რეგიონული მონაცემების მიხედვით, 2015-2025 წლებში მოსახლეობის რაოდენობის ზრდა ძირითადად სამ რეგიონში დაფიქსირდა – თბილისში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლში.

დანარჩენ რეგიონებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

ამასთან, საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2015 წელს ქალაქებში 2 მილიონ 135.6 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 57.4%-ს შეადგენდა.

2025 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა 2 მილიონ 445.4 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მისი წილი მთლიან მოსახლეობაში 62.2%-ს მიაღწია.

ამრიგად, ათი წლის განმავლობაში ქალაქებში მცხოვრებთა რაოდენობა 309.8 ათასით, ანუ 14.5%-ით გაიზარდა.

საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა სოფლებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 101.3 ათასი ადამიანით, ანუ 6.4%-ით შემცირდა.

საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობის რაოდენობა თითქმის 30%-ით გაიზარდა

დემოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურაც.

65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 2015 წლის 531.3 ათასიდან 2025 წლისთვის 690.4 ათასამდე გაიზარდა.

ეს 159.1 ათასი ადამიანით, ანუ 29.9%-ით ზრდას ნიშნავს.

ამავე პერიოდში ხანდაზმული მოსახლეობის წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში 14.3%-დან 17.6%-მდე გაიზარდა.

0-14 წლის ასაკის მოსახლეობა 702.8 ათასიდან 773.3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო მისი წილი 18.9%-დან 19.7%-მდე შეიცვალა.

რაც შეეხება 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს, მისი რაოდენობა 21.1 ათასი ადამიანით შემცირდა და 2 მილიონ 466.7 ათასი შეადგინა.

ამ ასაკობრივი ჯგუფის წილი მთლიან მოსახლეობაში 66.8%-დან 62.8%-მდე შემცირდა.

ქალები მოსახლეობის 52.1%-ს შეადგენენ

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2 მილიონ 49 ათასი ქალი და 1 მილიონ 881.4 ათასი კაცი ცხოვრობდა.

ქალების წილი მთლიან მოსახლეობაში 52.1%-ს შეადგენდა, კაცების კი – 47.9%-ს.

2015 წელთან შედარებით ქალებისა და კაცების რაოდენობა თითქმის თანაბრად გაიზარდა.

ამასთან, ყოველ 100 ქალზე კაცების რაოდენობა 91.4-დან 91.8-მდე გაიზარდა.

რატომ გადაიანგარიშა საქსტატმა დემოგრაფიული მონაცემები?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, მონაცემების გადასინჯვა 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებთან ისტორიული სტატისტიკის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელდა.

გადაანგარიშების პროცესში დაბადებისა და გარდაცვალების არსებული მონაცემები უცვლელად შენარჩუნდა, ხოლო კორექტირება ძირითადად მიგრაციის მაჩვენებლებს შეეხო.

საქსტატი განმარტავს, რომ მოსახლეობის აღწერისა და მიმდინარე მიგრაციის სტატისტიკის მეთოდოლოგიები განსხვავდება. კერძოდ, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას აღწერა 12-თვიან კრიტერიუმს იყენებს, ხოლო მიგრაციის მიმდინარე სტატისტიკა – 6-თვიანს.

გარდა ამისა, სრულყოფილი ადმინისტრაციული მონაცემები არ არსებობს ოკუპირებულ და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის მოსახლეობის გადაადგილების შესახებ.

გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იყო COVID-19-ის პანდემიისა და რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგად შეცვლილი მიგრაციული პროცესებიც.

საქსტატის განცხადებით, მსგავსი გადაანგარიშება საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკაა და სხვადასხვა პერიოდის დემოგრაფიული მონაცემების შედარებადობას უზრუნველყოფს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური