რა უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მოთხოვნის დასასაბუთებლად და რატომ არის აუცილებელი თითოეული გაერთიანების საქმიანობის ცალ-ცალკე შეფასება? კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია „რადიო მაესტროსთან“ ინტერვიუში განმარტავს, რა განსხვავებაა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობასა და პარტიის საქმიანობის აკრძალვას შორის. ის ასევე საუბრობს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის შეფასებასა და შესაძლო გადაწყვეტილების გავლენაზე პოლიტიკური კონკურენციისთვის.
— რა პირობებში შეიძლება პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და რამდენად მაღალი უნდა იყოს დასაბუთების სტანდარტი?
— დემოკრატიული სახელმწიფო განსაკუთრებულად იცავს პოლიტიკურ პარტიებს. მრავალპარტიულობა, განსხვავებული შეხედულებების წარმოდგენა და ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის შესაძლებლობა დემოკრატიული სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია.
პარტიის აკრძალვა უკიდურესი ზომაა, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, დემოკრატიის დაცვის ინტერესით შეიძლება გამოიყენებოდეს.
ზოგადად, საუბარია ისეთ საქმიანობაზე, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული ან ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას ემსახურება. კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მოქმედება მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკას არ ნიშნავს. იგულისხმება იმ საფუძვლების უარყოფა, რომლებზეც დემოკრატიული სისტემა დგას – მაგალითად, არჩევნებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების.
შესაბამისად, პარტიის აკრძალვას პოლიტიკური შეფასებები ვერ დაედება საკმარის საფუძვლად. საჭიროა კონკრეტული საქმიანობისა და მისგან მომდინარე საფრთხის დასაბუთება.
— მოსარჩელე პარტიების აკრძალვის მოთხოვნას კონსტიტუციური წესრიგის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით ასაბუთებს. რა უნდა დაამტკიცოს მან?
— პირველ რიგში, თითოეული პარტიის საქმიანობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და გამოიკვეთოს, რა კონკრეტული მტკიცებულება არსებობს მის წინააღმდეგ.
სარჩელის სტრუქტურა კითხვებს აჩენს: სხვადასხვა პარტია თავიდანვე ერთ პოლიტიკურ ჯგუფად არის წარმოდგენილი და შემდეგ მათ საერთო ბრალდებები მიემართებათ. ამასთან, განსახილველი ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგიერთი ამ პარტიის შექმნამდე პერიოდს უკავშირდება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გაერთიანებებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციები ჰქონდათ და არჩევნებშიც სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ. ამიტომ მათი ერთ ჯგუფად წარმოდგენა დამოუკიდებელ დასაბუთებას მოითხოვს.
ამის შემდეგ უნდა შეფასდეს, რამდენად ეწინააღმდეგება კონკრეტული საქმიანობა კონსტიტუციურ წესრიგს და შეიძლება თუ არა მისი პარტიისთვის, როგორც პოლიტიკური გაერთიანებისთვის, მიკუთვნება.
— როგორ უნდა გაიმიჯნოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა პარტიის პასუხისმგებლობისგან?
— ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია. კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პარტია უნდა აიკრძალოს.
სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეიძლება ჩადენილი ჰქონდეთ დანაშაული, მათ შორის კორუფციული თუ სხვა სახის. მაგრამ მხოლოდ ეს გარემოება პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის საფუძვლად ვერ გამოდგება.
პარტია მხოლოდ ხელმძღვანელობა ან პოლიტიკური საბჭო არ არის. მის უკან დგანან წევრები, მხარდამჭერები და მოქალაქეები, რომლებიც საერთო ღირებულებების გარშემო ერთიანდებიან. ამიტომ პარტიის აკრძალვა გაცილებით ფართო წრეს ეხება.
უნდა დადგინდეს, არის თუ არა პრობლემური საქმიანობა თავად პარტიის მიზნებისა და მოქმედების ნაწილი. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად რეალურია საფრთხე და აქვს თუ არა გაერთიანებას თავისი ანტიდემოკრატიული მიზნების განხორციელების შესაძლებლობა. დემოკრატიის დაცვის მექანიზმი სწორედ ასეთი საფრთხის შესაკავებლად არსებობს.
— სარჩელს თან ერთვის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. რა სამართლებრივი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას საკონსტიტუციო სასამართლოში?
— კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები როგორც მის შემადგენლობაზე, ისე საქმიანობისა და დასკვნის შინაარსზე. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ხელისუფლების კონტროლის მექანიზმია და ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თუმცა სასამართლოში მთავარი იქნება ის, როგორ შეფასდება დასკვნაში მოყვანილი ინფორმაცია. დოკუმენტის მტკიცებულებად წარმოდგენა არ ნიშნავს, რომ მასში არსებული ყველა გარემოება უკვე დადასტურებულია.
სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რამდენად სწორია თითოეული ფაქტი, რას ეყრდნობა ის და რა კავშირი აქვს კონკრეტულ პარტიასთან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ მხარემ დოკუმენტი წარადგინა, არამედ ისიც, რამდენად ამყარებს ეს დოკუმენტი მის მოთხოვნას.
სწორედ ამ შეფასების შედეგად უნდა გადაწყდეს, რა მნიშვნელობა მიენიჭება კომისიის დასკვნას საქმეში.
— რა პრეცედენტს შექმნის სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ პარტიების აკრძალვის მოთხოვნა დაკმაყოფილდება?
— ჩემი შეფასებით, ამას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. პარტიების აკრძალვა იშვიათი და განსაკუთრებული ღონისძიება უნდა იყოს. იქ, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები სუსტია, არსებობს რისკი, რომ ის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენონ.
გასათვალისწინებელია შემდგომი შეზღუდვებიც, მაგალითად, რა შესაძლებლობა ექნებათ აკრძალული პარტიის წევრებს, ახალი გაერთიანება შექმნან ან პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელონ. თუ აკრძალვა შემდგომ სხვა გაერთიანებებზეც გავრცელდება, პოლიტიკური კონკურენციის სივრცე კიდევ უფრო შემცირდება.
მრავალპარტიულობა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია. ამიტომ კონსტიტუციური წესრიგის დაცვისას სწორედ ის პრინციპები უნდა შენარჩუნდეს, რომლებიც ამ წესრიგს დემოკრატიულ შინაარსს აძლევს.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
რესპონდენტი: კოტე ჩოკორაია, კონსტიტუციონალისტი