საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და სახელმწიფო მდივანთან ხანმოკლე საუბრის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ორივე შემთხვევაში მთავარი გზავნილი საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილს შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალზე ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარის პოზიცია ამერიკელ პარტნიორებს გააცნო და ახლა შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება.
„ვიზიტი იყო არა აშშ-ში, არამედ გაეროში, თუმცა, ამ ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გასაუბრების შესაძლებლობა, სადაც მოკლედ აღვნიშნე, რომ ჩვენი სურვილია, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. ეს არსებითად დამოკიდებულია თავად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩვენი მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს იყო ჩემი გზავნილი ხანმოკლე გასაუბრების დროს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან.
ხანმოკლე საუბარი მქონდა როგორც ამერიკის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან, მიღების ფარგლებში და ხაზი გავუსვი ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას. ჩვენი მხრიდან გამოთქმული იქნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სურვილი, ძალიან დადებითი განწყობა იყო, დადებითად ჩაიარა ამ ხანმოკლე გასაუბრებამ“, – განაცხადა კობახიძემ.