ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში შეიკრიბებიან. შეხვედრის მთავარი თემები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები იქნება.

შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი უხელმძღვანელებს. მინისტრებს ვიდეოკავშირის საშუალებით უკრაინის თავდაცვის მინისტრიც მიმართავს.

დღის წესრიგშია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, უკრაინელი სამხედროებისთვის ევროკავშირის სასწავლო მისიის მუშაობა და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა. მინისტრები ასევე განიხილავენ რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ შესაძლო ნაბიჯებსა და თავდაცვის სფეროში შესყიდვებს.

შეხვედრაზე მოსაზრებებს გაცვლიან ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შესახებაც.