ეს რთული თავდასხმა იყო – 190-მდე დრონითა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. მთავარი სამიზნე დედაქალაქსა და კიევის ოლქში არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების აღსადგენად. დრონი ივანკოვიჩში მდებარე სასურსათო სუპერმარკეტს დაეცა; მაშველები ხანძარს აქრობენ. დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიევის, ჟიტომირის, მიკოლაივის, კიროვოგრადისა და რივნეს ოლქებში. დაზიანებები აღინიშნა ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და ჩერკასის ოლქებშიც. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დაშავდა თოთხმეტი ადამიანი და დაიღუპა – ხუთი, მათ შორის – ბავშვი.

„ჩვენმა დამცველებმა ბალისტიკური რაკეტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა, სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც. ბოლო დღეებში მივიღეთ საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტები – მადლობას ვუხდი პარტნიორებს რაკეტებისთვის და ყველას, ვინც ასრულებს შეთანხმებებს და აძლიერებს ჩვენი ცის დაცვას. სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. თითოეული ჩამჭრელი რაკეტა მართლაც სიცოცხლეს იხსნის. რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უფრო მეტად გვჭირდება დაცვის ეს საშუალებები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთის გათვლა ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებით ტერორზე არ გამართლდეს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას”, – აღნიშნა ზელენსკიმ.