საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გამკაცრება და სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის ჯარიმების გაზრდა იგეგმება. შესაბამის ცვლილებებს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვაა მოთხოვნილი.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებები გაფართოვდება და უწყება ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხსა და სერტიფიცირებას არა მხოლოდ წარმოების ეტაპზე, არამედ ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეც გააკონტროლებს.

ამჟამად აღნიშნულ ფუნქციას ბაზარზე სურსათის ეროვნული სააგენტო ასრულებს. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი მას ალკოჰოლიანი სასმელების უვნებლობის კონტროლი დარჩება, ხოლო ხარისხის, სერტიფიცირებისა და ეტიკეტირების მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

ამასთან, ღვინის ეროვნულ სააგენტოს დარღვევების გამოვლენისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ჯარიმების დაკისრების უფლებამოსილებაც მიენიჭება.

ჯარიმები ხუთმაგდება

საკანონმდებლო პაკეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებსაც ითვალისწინებს.

კერძოდ, სერტიფიცირების მიზნით ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ისეთი ნიმუშის წარდგენისთვის, რომელიც შესაბამის ლოტს არ შეესაბამება, ჯარიმა არსებული 1 000 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება.

იმავე დარღვევის ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია 2 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარი იქნება.

ახალი სანქციები ეტიკეტირებისა და სერტიფიცირების წესების დარღვევისთვის

ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ახალი მუხლებიც დაემატება.

საქართველოში წარმოებული და ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ეტიკეტის კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარი იქნება, განმეორებითი დარღვევისას კი – 1 000 ლარი.

ამასთან, საქართველოში წარმოებული სპირტიანი სასმლის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაციისთვის 1 000-ლარიანი ჯარიმა დაწესდება. დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია 2 000 ლარამდე გაიზრდება.

პასუხისმგებლობა განისაზღვრება სახელმწიფო კონტროლისთვის ხელის შეშლის შემთხვევაშიც.

კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირისთვის კონტროლის განხორციელებაში ხელის შეშლა 1 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარი იქნება.

როდის ამოქმედდება ახალი რეგულაციები?

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის განხორციელებასა და ახალ ადმინისტრაციულ სანქციებთან დაკავშირებული ნორმები 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება.

შესაბამისად, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის, სერტიფიცირებისა და ეტიკეტირების კონტროლზე პასუხისმგებელი ძირითადი უწყება გახდება.