საქართველოში, ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა მაჟორიტარული სისტემით ტარდება და საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ცესკომ აგვისტოში მიიღო.
ამომრჩევლებმა ოთხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოთხი მაჟორიტარი წევრი უნდა აირჩიონ. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში სულ 7 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათგან ოთხი – წალკაში.
კენჭისყრა მიმდინარეობს ახმეტაში, სოფელ კასრისწყალში; დმანისში – სოფელ ველისპირსა და სოფელ განახლებას შორის; წალკაში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში; ხოლო ვანში – სოფელ ფერეთაში.
არჩევნებზე გამოყენებულია როგორც ელექტრონული, ისე ტრადიციული კენჭისყრის მოდელი. წალკის სამ უბანსა და ვანის ერთ უბანზე ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებია განთავსებული.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა 50-მა ამომრჩეველმა მოითხოვა.
არჩევნებში ორი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი 7 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული. დმანისში, წალკასა და ვანში კანდიდატები წარადგინეს „ქართულმა ოცნებამ“ და „ძლიერმა საქართველომ-ლელომ“, ხოლო ახმეტაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატია რეგისტრირებული.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.