მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ პროტესტის ნიშნად სამი მეტალის საგანი გადაყლაპა, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს და შიმშილობა დაიწყო, — ამის შესახებ პატიმრის დედამ, ირმა დავითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავითაძე კლინიკაში გადაყვანას მანამდე არ დათანხმდება, ვიდრე დეესკალაციის ოთახებიდან საკნებში არ დააბრუნებენ იმ პატიმრებს, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„გიორგიმ პროტესტის ნიშნად გადაყლაპა რკინის სამი ცალი მასალა. ვფიქრობ, საშიშია. ახლა ციხეში ადვოკატი მიდის და ნახავს გიორგის. იმედია, არ დამძიმდება მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ირმა დავითაძემ.

მისივე ინფორმაციით, გიორგი დავითაძემ ამავე მოთხოვნით შიმშილობაც დაიწყო. ირმა დავითაძის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან მიღებული ბოლო ინფორმაციით, დავითაძის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

მან ასევე განაცხადა, რომ დავითაძის მხარდამჭერი პატიმრები ციხის ადმინისტრაციამ დეესკალაციის ოთახებში გადაიყვანა. აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის მიერ დადასტურებული არ არის.

მანამდე სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა და კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებდა. აპარატის ცნობით, დავითაძემ ეს გადაწყვეტილება პროტესტის ფორმად დაასახელა.

გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, დეესკალაციის ოთახში, ბადრაგების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დავითაძემ თანამშრომლის თანდასწრებით და სამეთვალყურეო კამერის წინ გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა, რის შემდეგაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა.