თბილისში ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული ნაცნობის კუთვნილ ავტომობილის გასაღებსა და საფულეს ფარულად დაეუფლა, რის შემდეგაც ავტოსადგომიდან ავტომობილი მართლსაწინააღმდეგოდ გაიყვანა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენიდან მალევე ბრალდებული ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა, მანქანა ადგილზე მიატოვა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ავტომობილი და საფულე ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.