„რა საგანი გადაყლაპა? თუ ეს საგანი ისეთი საფრთხის შემცველია, გადადი იმ საავადმყოფოში, რომელიც შემოგთავაზეს. თუ არ არის საფრთხის შემცველი, რას ყლაპავდა ან რა სპექტაკლებს დგამს?“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
შარმანაშვილის შეფასებით, დავითაძის ქმედება სახელმწიფოზე ზეწოლის მცდელობაა, თუმცა, მისი თქმით, „სახელმწიფო არაფერს დათმობს“.
„ეს ჩვეულებრივი სპექტაკლია. მათ ჰგონიათ, რომ ასეთი ტიპის მოქმედებებით შანტაჟს გაუწევენ სახელმწიფოს, სახელმწიფო კი გამოაჩენს სისუსტეს […] ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა დეპუტატმა.
შარმანაშვილი გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებსაც და განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, ჩანაწერებმა დაადასტურა, რომ დავითაძე დაწესებულებაში მოქმედ პროცედურას წინააღმდეგობას უწევდა.
დეპუტატმა ოპოზიციაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დავითაძის საქმით ხელისუფლების ოპონენტები „შანტაჟის აგორებას“ ცდილობდნენ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.
გიორგი დავითაძის მიერ სექსუალური ძალადობის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას შარმანაშვილმა თქვა, რომ ვინც გავრცელებულ კადრებში „გაუპატიურებას ხედავს, ის აუცილებლად ოკულისტთან უნდა მივიდეს“.
მსჯავრდებული გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, დეესკალაციის ოთახში, ბადრაგების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.
4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავითაძემ თანამშრომლისა და სამეთვალყურეო კამერის წინ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა. უწყების ცნობით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.