თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. მისი მტკიცებით, პროცესები უცხოეთიდან იმართებოდა და ფინანსდებოდა.

„მე არანაირი განცხადება არ მომისმენია ევროსტრუქტურიდან, პირიქით, მხოლოდ წახალისება ხდებოდა, რადგან ეს ყველაფერი მათ მიერ დაგეგმილი იყო. მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიწყო კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციასთან დაკავშირებით. მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება დაემხოთ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების ნაწილი გარედან იმართება და მათი მიზანი ხელისუფლებაში დასავლეთის ინტერესების გამტარებელი პირების მოყვანაა.

„მათ სურთ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ, რათა შემდეგ ქვეყანა და ქართველი ხალხი თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა გვაქვს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ 4 ოქტომბრის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებითაც თქვა, რომ ევროპიდან მათი დაგმობის მოლოდინი არ აქვს და მომხდარს „გარედან დალაგებულ სცენარს“ უწოდებს.