მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა.
საუბარია „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე, რომლითაც კოდექსს ახალი მუხლი, „დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება“, უნდა დამატებოდა და აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გამხდარიყო.
კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს ჯერ კიდევ 2019 წლის თებერვალში წარუდგინა. ინიციატივა პარლამენტს მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ პროექტის უკან გაწვევის მიზეზი მისი მნიშვნელოვანი გადამუშავების საჭიროებაა.
„ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობიდან შემოტანილია ორი მოწვევის პარლამენტის წინ და შესაბამის გადამუშავებას საჭიროებს. ახლებური რეგულირებები იყო შემოთავაზებული ე.წ. ქურდულ შეკრებებთან დაკავშირებით, მაგრამ პროექტი მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. ამიტომ მიზანშეწონილია, უკან იყოს გაწვეული და შემდეგ გადამუშავებული რედაქცია იყოს წარმოდგენილი“, – განაცხადა გორდულაძემ.
მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა და სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა ამ მიმართულებით გაგრძელდება.