მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების გამიჯვნას ითვალისწინებდა.
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების უკან გაწვევის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს 2021 წელს წარუდგინა. ინიციატივის მიხედვით, გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლი და უფლებამოსილებები უნდა გაზრდილიყო, ხოლო პროკურორს საპროცესო ზედამხედველობის ფუნქცია უნდა შეენარჩუნებინა.
მთავრობის მაშინდელი განმარტებით, ცვლილებების მიზანი გამომძიებელსა და პროკურორს შორის უფლებამოსილებებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნა იყო.