4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით მიმართეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა იუწყება.
უწყების ინფორმაციით, ზოდელავა და ბერიძე მსჯავრდებულები არიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის, ასევე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საჯაროდ მოწოდების საქმეზე.
პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შემდეგაც, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ არიან ცნობილი და თითოეულ მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.