საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებით 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ისარგებლებენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ვადამდე გახანგრძლივდა სოციალურ-ეკონომიკური დახმარების პროგრამაც. მისი ფარგლებში ოჯახზე საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად თვეში 300 ლარი, ხოლო თითოეულ პირზე 45 ლარი გაიცემა.
მთავრობის განმარტებით, საქართველოში უწყვეტად ყოფნად ჩაითვლება შემთხვევაც, როდესაც პირმა ქვეყანა დატოვა და არაუმეტეს სამი დღის ვადაში დაბრუნდა.
უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება მოიცავს იმუნიზაციას, ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის მკურნალობას, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სერვისებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებას, დიაბეტის მართვას, დიალიზს, იშვიათი დაავადებების მკურნალობასა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მათ შორის მშობიარობას.
სამედიცინო სერვისების მიწოდებას ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო ფინანსური დახმარების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.
მთავრობის ინფორმაციით, ყოველთვიური 45-ლარიანი დახმარება მომდევნო თვიდან შეუწყდება პირს, რომელიც საქართველოს დატოვებს. 300-ლარიანი დახმარება კი ოჯახს შეუწყდება, თუ საქართველოს ტერიტორიას მისი ყველა წევრი დატოვებს.
შესაბამის განკარგულებებს ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.