№6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ რამდენიმე მცირე ზომის საგანი გადაყლაპა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 3-4 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც გიორგი დავითაძე და კიდევ სამი პატიმარი მოინახულეს. აღნიშნული პატიმრები დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 4 ოქტომბერს დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. რწმუნებულთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა, თუმცა კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდა.
დავითაძის განმარტებით, მისი გადაწყვეტილება პროტესტის ფორმაა და კლინიკაში გადაყვანას მანამდე არ დათანხმდება, ვიდრე მის მხარდასაჭერად პროტესტში მონაწილე პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან საკნებში არ დააბრუნებენ.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმ პატიმრებსაც გაესაუბრნენ, რომლებმაც დავითაძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხზე მონიტორინგი გაგრძელდება.