შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულში ჩართული ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია აღკვეთეს. დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სავარაუდო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ ლარს აღემატება.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულები ნარკოტიკების გასაღების სქემაში იყვნენ ჩართული – სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას საქართველოს რამდენიმე რეგიონში წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდნენ, შემდეგ კი ადგილმდებარეობის კოორდინატებსა და ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისა და მათ მიერ მითითებული ადგილების შემოწმების შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს 117 შეკვრად დაფასოებული, 12 კილოგრამამდე „მეთადონი“ და 267 შეკვრად დაფასოებული, 28 კილოგრამამდე „ჰაშიში“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.