ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლეიშვილი მისცემენ ჩვენებას.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაგეგმილია საქმეში მონაწილე ერთ-ერთი გამომძიებლის დაკითხვა.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების ვერსიით, შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.
ბრალდების მხარის მტკიცებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვა ვითარების გამწვავება და დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივის საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ მოქცევა. ბრალდების თანახმად, ტერიტორიაზე ასევე დაფიქსირდა სხვადასხვა უკანონო აქტივობა და მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილება, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის – მცხოვრებთა საცხოვრებელი სახლები.