ევროკომისია განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, უკრაინას ბლოკის სასოფლო-სამეურნეო ბაზრებსა და სუბსიდიებზე შეზღუდული წვდომა ექნება. ამის შესახებ Financial Times-ი ევროკომისიის შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის შეშფოთების შემცირება, რომ უკრაინიდან დიდი მოცულობით მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების შეტანამ შესაძლოა მათ ადგილობრივ ბაზრებზე გავლენა მოახდინოს.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინისთვის შესაძლოა შეიზღუდოს წვდომა როგორც ევროკავშირის სასურსათო ბაზარზე, ისე სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებზე, რომელთა წლიური მოცულობა დაახლოებით 55 მილიარდ ევროს შეადგენს. Financial Times-ის ცნობით, ეს მიდგომა კომპრომისულ ვარიანტად განიხილება იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის პოლონეთისთვის, საფრანგეთისა და იტალიისთვის, რომლებიც უკრაინის სრულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

სანაცვლოდ, ბრიუსელი უკრაინას ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე წვდომის აღდგენაში დაეხმარება. საუბარია გლობალურ საექსპორტო მარშრუტებზე, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეფერხდა.

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკომისიის დოკუმენტში უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო და ალბანეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის „ყველაზე წინ წასულ“ ქვეყნებად არიან მოხსენიებული.

ამ ოთხი ქვეყნისთვის ინდივიდუალური „საგზაო რუკების“ მომზადება იგეგმება. დოკუმენტები ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღებს არ განსაზღვრავს, თუმცა მიზნად გაწევრიანების პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებას ისახავს.