უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციიდან გარიცხეს. გადაწყვეტილების მიზეზად პარტიაში ომის დასრულებისა და უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების საკითხებზე პოზიციების განსხვავებას ასახელებენ.

„ევროპული სოლიდარობის“ განცხადებით, პარტიაში განსხვავებული მოსაზრებებისა და მწვავე დისკუსიისთვის სივრცე არსებობს, თუმცა ეს არ უნდა შეეხოს ქვეყნის ძირითად ღირებულებებსა და სტრატეგიულ კურსს.

„ეს პრინციპები დამოუკიდებელია პოლიტიკური კონიუნქტურისგან და არ შეიძლება ვაჭრობის საგნად იქცეს – არც უკრაინის შიგნით და არც, განსაკუთრებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დროს. ალექსეი გონჩარენკოს საჯარო პოზიციები ომის დასრულებასა და უკრაინის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით განსხვავდება „ევროპული სოლიდარობის“ პოზიციისა და მისი იდეოლოგიური პრინციპებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

გონჩარენკომ გასულ კვირას საჯაროდ წარმოადგინა საკუთარი ხედვა ომის დასრულების შესახებ. დეპუტატი რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებასა და რიგ საკითხებზე შეთანხმების მიღწევას ემხრობა. მან მოგვიანებით ვრცელი „სამშვიდობო გეგმაც“ გამოაქვეყნა, რომელშიც ომის ეტაპობრივად დასრულებაზე საუბრობს.

„ამჟამად რეალობა ასეთია: ომს ვაგებთ, უამრავ ადამიანს ვკარგავთ; არ გვაქვს საკუთარი ფული არა მხოლოდ ომის წარმოებისთვის, არამედ ქვეყნის სამართავადაც კი”, – დაწერა გონჩარენკომ.

„ევროპული სოლიდარობის“ განცხადებით, ომის დასრულების გზაზე კომპრომისები შესაძლებელია, თუმცა უკრაინის დამოუკიდებლობა, ევროპული მომავალი, ეროვნული იდენტობა და საკუთარი უსაფრთხოების სისტემის განსაზღვრის უფლება დათმობის საგანი ვერ იქნება.