ესტონეთის მთავრობის განცხადებით, უსაფრთხოებთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 1-ელი დეკემბრიდან ქვეყანა რუსეთთან სასაზღვრო გადასასვლელებს სულ მცირე ექვსი თვით ჩაკეტავს.  „ეს გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ ესტონეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე. წელს ესტონეთში თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიებზე ორჯერ განხორციელდა თავდასხმა; ესტონეთის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ორივე შემთხვევაში, ამ ქმედებების უკან რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ“,  -აღნიშნულია ესტონეთის მთავრობის განცხადებაში.  ესტონეთმა ამ კვირაში განაცხადა, რომ მომდევნო თვიდან რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს. გადაწყვეტილება მოჰყვა ესტონეთის თავდაცვის კომპანიის ობიექტზე ხანძრის სავარაუდო განზრახ გაჩენის ფაქტს, რომელშიც ტალინმა მოსკოვი დაადანაშაულა. თუმცა ესტონეთს დღემდე არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა სასაზღვრო პუნქტების დახურვა.