ესპანეთში საბინაო კრიზისის გამო საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ბარსელონაში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 13 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავდა 30-მდე პოლიციელი.
მედიის ცნობით, დემონსტრაციის დასრულების შემდეგ ნიღბიანმა პირებმა სამართალდამცავებს ქვები, ბოთლები, სამშენებლო მასალები და სხვა მძიმე საგნები დაუშინეს. ქალაქის რამდენიმე ადგილზე აღმართეს ბარიკადები და ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის კონტეინერებს. პოლიციამ შეკრებილებს ბარსელონის საფონდო ბირჟისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა.
აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე ორგანიზატორებისა და სამართალდამცავების მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება. პოლიციის შეფასებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 20 000 ადამიანი მონაწილეობდა, ორგანიზატორების განცხადებით კი ქუჩაში 120 000-მდე მოქალაქე გამოვიდა.
აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ფართების ქირის ზრდას აპროტესტებენ და დამქირავებლების უფლებების უკეთ დაცვასა და უძრავი ქონების ბაზარზე რეგულაციების გამკაცრებას მოითხოვენ.
საპროტესტო მოძრაობა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი საგანგებო საბინაო ზომები არ დაამტკიცა. ინიციატივები დამქირავებლების დაცვის გაძლიერებას, გამოსახლებების შეზღუდვასა და ქირის ბაზრის დამატებით რეგულირებას ითვალისწინებდა.
ამასთან, საბინაო კრიზისის გამო საყოველთაო გაფიცვის მოთხოვნაც გაჟღერდა.